Samstag, 21. September 2013

9. იანვარი, 1961

Massachusetts State House, Boston, Massachusetts(Photo taken by Daderot)

მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება, მივმართო ამ ისტორიულ ორგანოს და მასთან ერთად მასაჩუსეტსის ყველა მაცხოვრებელს, რომელთა წინაშეც თავს დიდად დავალებულად ვთვლი იმ მეგობრობისა და ერთგულებისათვის, რომელიც მათ მე მთელი ჩემი წარსული ცხოვრების მანძილზე მომიძღვნეს. თოთხმეტი წლის განმავლობაში ვამყარებდი იმედებს ამ შტატის ამომრჩევლებზე და ისინიც დიდად მიფასებდნენ ამას, როდესაც თავიანთ ნდობას მჩუქნიდნენ.
ამჯერად, თერთმეტი დღის შემდეგ, მე უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა ვიკისრო. მაგრამ დღეს აქ იმისათვის არ მოვსულვარ, რათა სამუდამოდ დაგემშვიდობოთ. ორმოცდასამი წლის მანძილზე, ვიყავი მე ლონდონში, ვაშინგტონში, წყნარი ოკეანის სამხრეთში თუ კიდევ სხვაგან, აქ იყო ჩემი სახლი და საითაც არ უნდა დამიძახონ ჩემმა სამსახურეობრივმა მოვალეობებმაეს ღვთის ნებით მუდამ ასე იქნება.
აქ დაიბადნენ ჩემი ბებია-ბაბუები, მჯერა, ჩემი შვილიშვილებიც აქ მოევლინებიან სამყაროს.
მე არ მალაპარაკებს ცრუ პატრიოტიზმი, პოლიტიკური გათვლები ან პირფერობა. არა, არავინ, ვინც ჩვენს სამშობლოში მაღალ თანამდებობაზე ირჩევა, არ უნდა დაივიწყოს ის წვლილი, რაც მასაჩუსეტსის შტატმა ჩვენი ერის სიდიადეში შეიტანა. მისი მოწინავე შვილები მუდამ და ჯერ კიდევ ჩვენი დიდი რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე აყალიბებდნენ ამერიკულ სინამდვილეს. მათი პრინციპები განსაზღვრავდნენ ჩვენს გზას საფრთხეებიან და მშვიდობიან პერიოდებში. მათი დემოკრატიული ინსტიტუტები, ისევე, როგორც ეს პარლამენტი, წარმოადგენდნენ ბრწყინვალე მაგალითებს სხვა ერებისათვის და ჩვენი კავშირის სხვა შტატებისათვის. დიდი ხანია ჩვენი საზოგადოებისათვისაც დამახასიათებელია ის, რაც პერიკლემ ათენელების წინაშე წარმოთქვა: „ჩვენ არ ვბაძავთ არავის, ჩვენ სხვათა მისაბაძი მაგალითი უფრო ვართ“.
აქედან, მასაჩუსეტსის შტატიდან, იმ მაღალ თანამდებობაზე, რომელსაც მალე ჩავიბარებ, თან მიმყვება ბევრი კეთილი მოგონება და რწმენა, რომ აქ ერთგული მეგობრები მყავს. მასაჩუსეტსის მარადიული ფასეულობები - ის შემაკავშირებელი, რაც ჩვენ გვაერთიანებს: ქსოვილი, რომელიც ბერმა და პურიტანელმა, მეთევზემ და ფერმერმა, ძირძველმა იანკიმ და გვიანდელმა გადმოსახლებულმა ერთად მოქსოვეს - არ იქნება და არც შეიძლება იყოს თეთრ სახლში დავიწყებული. ეს არის ჩემი ცნობიერების, მრწამსის, შეხედულებებისა და მომავლის ხედვის განუყოფელი ნაწილი.
ნება მომეცით, განვმარტო. ბოლო ორი თვის განმავლობაში მე დაკავებული ვიყავი ახალი ადმინისტრაციის ფორმირებით. ამ საქმეს დინჯად და დაფიქრებით მივუდექი. ზოგიერთები მირჩევდნენ, უფრო მეტად ავჩქარებულიყავი. სხვები ექსპერიმენტული ნაბიჯებისაკენ მომიწოდებდნენ, მაგრამ მე იმ თეზისის ერთგული დავრჩი, რომელსაც 331 წლის წინ ჯონ უინტროპი საფლაგმანო ხომალდ „არაბელაზე“ თავის თანამგზავრებს შთააგონებდა, როდესაც ისინიც რთული ამოცანის წინაშე იდგნენ, რომ ახალ მიწაზე, ბევრი ხიფათის მიუხედავად, შეექმნათ სახელმწიფოებრივი მმართველობა. ის ამბობდა: „ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვიქნებით „ქალაქი მთის მწვერვალზე“(მათე 5,14) და ყოველი ადამიანის მზერა ჩვენსკენ იქნება მომართული“.
დღეს ყოველი ადამიანის მზერა ნამდვილად ჩვენსკენ არის მომართული და ამიტომ, ხელისუფლების ნებისმიერ განშტოებასა და სიმაღლეზე, ნაციონალურზე, ფედერალურსა თუ ადგილობრივზე, ჩვენი სახელმწიფო სამსახურები უნდა განასახიერებდნენ მწვერვალზე მდებარე ქალაქს - კარგად ხილულს შორიდან და აშენებულს და დასახლებულს ადამიანებით, რომლებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის მთელი სერიოზულობა. რადგან 1961 წელს ჩვენ მივდივართ მოგზაურობაში, რომელიც 1630 წლის „არაბელას“ მოგზაურობაზე არანაკლებ სახიფათოა. ჩვენ გვექნება ისეთივე დიდი პოლიტიკური ამოცანები, როგორიც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა, როდესაც მასაჩუსეტსის ყურეში მდებარე კოლონიას თავს ატყდებოდა სასტიკი გარეშე მტრის მიერ, ან შიდა განხეთქილებებით გამოწვეული უბედურებები.
ისტორია არ შეაფასებს ჩვენს მისწრაფებებსა და საქმიანობას კანის ფერის, სარწმუნოების ან პარტიული კუთვნილების მიხედვით. ამიტომ არ შეიძლება მთავრობის დაკომპლექტება ამ ნიშნების მიხედვით. არც პროფესიონალიზმი, ლოიალურობა და პიროვნული ფორმატი, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს თვისებები, არ არის დღევანდელ რთულ დროში საკმარისი.
რადგან ვისაც მეტი ნდობა აქვს გამოცხადებული, მას მეტიც მოეთხოვება და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ისტორია განგვსჯის და შეგვამოწმებენ, შევასრულეთ თუ არა ჩვენი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე ხელისუფლებაში ყოფნის მოკლე პერიოდში, მაშინ ჩვენს წარმატებებსა და წარუმატებლობებს ყველა ჩვენს დაწესებულებაში შეაფასებენ შემდეგ ოთხ კითხვაზე პასუხის მიხედვით:
პირველი: ვიყავით თუ არა ნამდვილად მამაცნი - მამაცნი, რათა წინ აღვდგომოდით ჩვენს მტრებს და საჭიროების შემთხვევაში საკუთარ თანამშრომლებსაც კი? მამაცნი, რათა გაგვეწია წინააღმდეგობა საზოგადოებრივი ზეწოლისა თუ პირადი სიხარბისათვის?
მეორე: გვქონდა თუ არა ჭეშმარიტი განსჯის უნარი, შეგვეძლო თუ არა სწორად შეგვეფასებინა წარსულიცა და მომავალიც, შეგვეცნო საკუთარი და სხვათა შეცდომები? ვიყავით თუ არა საკმარისად ბრძენნი, გვცოდნოდა ყველაფერი, რაც ჩვენ არ ვიცოდით და საკმარისად გულახდილნი, რათა ეს გვეღიარებინა?
მესამე: ვიყავით თუ არა ნამდვილად უმწიკვლონი - ხომ არ ვღალატობდით ოდესმე პრინციპებს, რომლებისაც გვწამდა, ან ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვენდობოდნენ? ხომ არ მიგვიცია თავისათვის უფლება ფინანსური გამორჩენის ან პოლიტიკური ამბიციების გამო გადაგვეხვია ჩვენი წმინდა ვალდებულებების შესრულების გზიდან?
და ბოლოს: ვასრულებდით თუ არა ჩვენს მოვალეობებს გულითადად? ხომ არ იყო ჩვენი ღირსება ვინმეს პირადი ან ჯგუფური ინტერესების მძევალი? ხომ არ ლახავდნენ ჩვენს ღირსებას რაიმე პირადი კავშირები ან მიზნები? ვიყავით თუ არა საკმარისად მოწოდებულნი, გვემსახურა საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ეროვნული ინტერესებისათვის?
სიმამაცე, განსჯის უნარი, კეთილსინდისიერება, თავდადება - არის მასაჩუსეტსის კოლონიისა და შტატისათვის დამახასიათებელი, ისტორიულად ცნობილი ზნეობრივი პრინციპები, თვისებები იმ მრავალი ადამიანისა, რომელთაც მასაჩუსეტსი უწყვეტად წარგზავნიდა შუქურის ბორცვზე ბოსტონში და კაპიტოლიუმის ბორცვზე ვაშინგტონში. მე, როგორც ჩემი სამშობლოს, მასაჩუსეტსის შვილს, მჯერა, რომ ეს თვისებები ღმერთის დახმარებასთან ერთად უნდა ახასიათებდეს ჩვენი ხელისუფლების ყველა მოქმედებას იმ ქარიშხლიანი ოთხი წლის მანძილზე, რომლებიც წინ გველის. მორჩილად ვთხოვ ღმერთს ამ საქმეში დახმარებას, მაგრამ, რადგან თავიანთი სურვილების განსახორციელებლად ადამიანების ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია, გთხოვთ, ყველას ერთად, იმ დროს, როდესაც მე ახალი, საპასუხისმგებლო მოგზაურობისათვის ავალ გემზე, დამეხმაროთ და ილოცოთ ჩემთვის.

1 Kommentar:

  1. ინაუგურაციამდე 11 დღით ადრე ჯონ კენედი მშობლიური შტატის პარლამენტში გამოვიდა სიტყვით.

    AntwortenLöschen